Monday, December 22, 2014

   ნუნისის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო ადრეული პერიოდის ძეგლადაც მიიჩნევს. არსებობს გადმოცემა რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდა მეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა. საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგი ჰქონიათ დაზიანბული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა მოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია. ნუნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და არსებობის მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. უკანასკნელად ნუნისის ტაძარი დაწვა ომარ-ხანმა, 1785 წელს, ვახანის ციხის აღების შემდგომ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნუნისში იყო მონასტერი, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეს ტაძარი თავად აბაშიძეების საძვალედ ითვლებოდა. XIX საუკუნის მიწურულს განახლებული ტაძარი აკუთხა წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე) იმერეთის ეპისკოპოსმა.
        ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია სამნავიანი უგუმბათო ბაზილიკაა, ზომით 24 მეტრი (საკურთხევლის კედლამდე) 17X10 მეტრი (დაახლ.); მას სამხრეთით ჰქონია კარიბჭე და დასავლეთით საქალებო, მათგან მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ნაშენია კლდისა, შირიმის ქვისა და კირისაგან. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით; სარკმელი – აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 3, დასავლეთით - 2, ჩრდილოეთით - 3; თაღი დაბჯენილია ექვს მსხვილ, ჯვარედინ სვეტზე; საკურთხევლს გარშემო შემორიგებული აქვს საჯდომები (კედლის ძირზე), კათალიკონს კი, გადაკეთების გამო, აღარ ეტყობა.
ეკლესია ძველად გუმბათიანი შენობა უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს გვერდის ნავების აღმოსავლეთის ნაწილები, რომლებიც 1.7 მეტრით მაღლა არიან აწეული: გუმბათის ნაწილი მე-12 მეტრის შემდეგ იწყება და მოიცავს 7.8 მეტრს, შემდეგ 4.3 მეტრი საკურთხევლის ნაწილისა არის.
        ეკლესია დანგრეული ყოფილა და განუახლებიათ 1900-იან წლებში; საკურთხევლის ნაწილი მეტად ყოფილა დანგრეული და განახლების დროს მისი აგებულება თვალსაჩინოდ შეცვლილა, განსაკუთრებით კანკელთან; გუმბათის ადგილი სულ ჩამოქცეული ყოფილა, აქ თაღი ხელახლა გადაუყვანიათ (ძველი აგებულების, ვარსკვლავის სახელი თაღი ხელუხლებლად შენახულია სამხრეთ ნავში). 

No comments:

Post a Comment